უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და
ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაი მომავალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისგან ნატო-სკენ აღებული ურყევი კურსის შესახებ გზავნილებს მიიღებს.
როგორც მან აპატურაისთან შეხვედის შემდეგ განაცხადა, ყველამ იცის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასახელდა, როგორც დემოკრატიული რეფორმების განვითარების ერთ-ერთი ტესტი.
„აქედან გამომდინარე, არჩევნები მოხსენებული იყო, როგორც ერთ-ერთი ტესტი საქართველოს გზაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ახლა, როდესაც ეს ტესტი ყველა შეფასებით წარმატებითაა ჩავლილი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის შესახებ დისკუსია განახლდეს“ - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ აპატურაის ვიზიტი ძალიან დროული იყო.
უშიშროების საბჭოს მდივანი ქვეყნის გარეთ საქართველოს ყველა მეგობარს, ასევე, ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ძალებს შეახსენებს, რომ ნატო-ში გაწევრიანება ქართული საზოგადოების არჩევანია.
„ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დააფიქსირა. იმედი მაქვს, რომ იგი იმავე გზავნილს მიიღებს მომავალი პრემიერ-მინისტრისა და მომავალი მთავრობისგან, რაც ჩვენგან მიიღო - ნატო-სკენ აღებული კურსი ურყევია და უნდა შენარჩუნდეს“- აღნიშნა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიასა და ჯეიმს აპატურაის შორის შეხვედრა დღეს მთავრობის კანცელარიაში შედგა.

















