საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც „ევროპის სახალხო პარტიის“ 21-ე კონგრესის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, კონგრესის სესიაზე დაგეგმილია სახელმწიფო მეთაურების, პრემიერ-მინისტრების, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლა.
მიხეილ სააკაშვილი კონგრესის მონაწილეებს სიტყვით 17 ოქტომბერს მიმართავს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი პირი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
„ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე პარტიის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება, გარდა ამისა, იმსჯელებენ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე და პარტიის ახალ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს აირჩევენ.
კონგრესს ევროკავშირის 16 ქვეყნის ლიდერი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი დაესწრებიან.

















