თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ერიკ რუბინთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრობის კანდიდატები ალექსი პეტრიაშვილი, კოტე სურგულაძე, თეა წულუკიანი, ასევე, პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, დავით ზალკალიანი, ლევან იზორია და ირაკლი მამფორია.
„ქართული ოცნების“ ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მთავრობის მომავალ კაბინეტს და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა პროფესიონალი და კვალიფიციური კადრებით კომპლექტდება.
ერიკ რუბინმა ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივ პარტნიორობაზე და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამხედრო პარტნიორობის გაძლიერებასა და მჭიდრო თანამშრომლობას.
ირაკლი ალასანიამ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო ბოლომდე შეასრულებს სამხედრო სფეროში აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის ავღანეთის მიმართულებით.
მხარეებმა შეხვედრაზე ნატო-ში ინტეგრაციის საკითხიც განიხილეს. ერიკ რუბინის განცხადებით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ხელს შეუწყობს და გააღმავებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივას. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე ნატო-სთან დაახლოებისა და ინტეგრაციისთვის.

















