საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში სხვადასხვა შეხვედრები გამართა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, გრიგოლ ვაშაძე ლუქსემბურგელ კოლეგას ჟან ასელბორნს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრეს. ასევე, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალი დონე და მისი მნიშვნელობა აღინიშნა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები განიხილეს და აღნიშნული პროცესის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს მთავრობებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
გრიგოლ ვაშაძე ლუქსემბურგში ვიზიტის დროს ესპანეთის, რუმინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეხვდა, სადაც საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.
ევროპელი მინისტრები ხელისუფლების გადაბარების პროცესის მიმდინარეობითა და საქართველოს შემდგომი საგარეო პოლიტიკური კურსით დაინტერესდნენ.

















