იურისტი ლია მუხაშავრია იმედოვნებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის
დარბევის თაობაზე „სახალხო კრების“ სარჩელს პრიორიტეტს მიანიჭებს და მოკლე დროში განიხილავს.
როგორც „სახალხო კრების“ ადვოკატმა მუხაშავრიამ დღეს „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველა ინსტანცია გაიარა, საქმე „სახალხო კრება“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულ სასამართლოში 1 ოქტომბერს გადაიგზავნა.
„საჩივარი მოიცავს ოთხი ათეული ადამიანის სისხლის სამართლის წესით უკანონო ბრალდებას, ასევე, ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული თუ დაჯარიმებული სამ ათეულზე მეტი მოქალაქის საქმეს“ - განაცხადა ადვოკატმა.
მუხაშავრია განმარტავს, რომ ის აუდიო, ვიდეო თუ ფოტომასალა, რომელიც 26 მაისის დარბევის ფაქტებს ასახავს, მოწმობს იმას, რომ საქმე ეხება ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რაც წამებას და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
„ეს არის მძიმე დარღვევების ამსახველი საქმე, სადაც მოპასუხე მხარე მთელი „სახალხო კრებაა“. რადგან საქმე საკმაოდ წონადია, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო მას პრიორიტეტს მიანიჭებს და მოკლე დროში განიხილავს“ - აღნიშნა მან.
2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია.

















