პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე გამოიცა.
„საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ბიძინა ივანიშვილი, დაბადებული 1956 წლის 18 თებერვალს“- აღნიშნულია ბრძანებულებაში.
პრესსპიკერის განცხადებით, ბრძანებულება ამოქმედდება ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.

















