„სახალხო კრების“ თავმჯდომარე, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნინო გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ 1 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნების“
გამარჯვების შემდეგ, საქართველოს აღმავლობის გზაზე დადგომის იმედი გაჩნდა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „შერატონ მეტეხი პალასში“ „სახალხო კრების“ კონფერენციაზე განუცხადა. გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა მოუწევს, რადგან ბევრია გასაკეთებელი.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილი ის ლიდერია, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული რა უნდა აკეთოს. მან ყველაფერი გააკეთა, რასაც საზოგადოებას პირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გარემო ძალიან მძიმე იყო“ - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელ საბჭოსა და სათათბიროს გაფართოებული კონფერენცია ამ წუთებშიც მიმდინაროებს. მასზე ქვეყანაში ახალი რეალობის გათვალისწინებით, კრების სამოქმედო გეგმას განიხილავენ. საუბარი ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემას, 26 მაისის მოვლენების გამოძიების აუცილებლობას და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის მექანიზმებს.

















