„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს დავით დარჩიაშვილს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ შეფასებების გაკეთება უჭირს.
როგორც დარჩიაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლოდინის რეჟიმშია იმასთან, დაკავშირებით თუ რას გააკეთებს ახალი მთავრობა.
მისი თქმით, გადამწყვეტი სიტყვა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და შესაბამისად, პრემიერის დამტკიცების შემდეგ გამოჩნდება ახალი მთავრობის ნაბიჯები. 
„ემოციურ ფონზე შეფასებების გაკეთება რთულია, უნდა ვნახოთ როგორ ესმის ახალ კაბინეტს და პირველ რიგში მის ხელმძღვანელს პოლიტიკურ სფეროში ნიჭიერება და როგორი მენეჯერია. კითხვები ჩნდება, მაგრამ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ“-განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, ის იმედოვნებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების ახალი მინისტრი იმას არ გააკეთებს რასაც წინასაარჩევნოდ აცხადებდა. 
„ის ამბობდა, რომ საქართველოში ჩინელები მომრავლდნენ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისადმი დისკრიმანაციული დამოკიდებულება არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და იმედია  ახალი მთავრობა ამას გაითვალისწინებს“-აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია ახალი მთავრობისთვის საქვეყნო საქმეებში ხელის შეშლას არ აპირებს. თუმცა, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულებებიდან გამომდინარე, თუ რომელიმე საკითხი ქვეყნისთვის სასიკეთო არ აღმოჩნდა, ბუნებრივია პარტია მის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. 
„თუ მთავრობა საერთაშორისო გამოწვევების გამკლავებას შეძლებს, ამაში ოპოზიციური ბერკეტებით კონსტრუქციული ვიქნებით. შესაძლოა, მთავრობის ქმედებებს მხარი დავუჭიროთ კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს სათქმელს ვიტყვით“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












