საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 21 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
კანონის თანახმად, სხდომა ქუთაისის ახლადაშენებულ პარლამენტში შედგება. როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოს კეთილმოწყობის სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა, სხდომათა დარბაზი დეპუტატების მისაღებად მზადაა.
როგორც ცნობილია, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში კოალიცია „ქართულმა ოცნება“ 85 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 65 დეპუტატს შეიყვანს. თუმცა, კოალიციაში აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მიაღწიოს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობიდან“ მათ გუნდში გადასვლის სურვილი ბევრ დეპუტატს აქვს.
როგორც უკვე ცნობილია, კოალიცია პარლამენტში სამ ფრაქციად იქნება წარმოდგენილი. ესენია „ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“. ფრაქციის შესაქმნელად დეპუტატები არ ჰყოფნით „მრეწველებსა“ და „კონსერვატორებს“, თუმცა, ისინი უპარტიო დეპუტატებთან ფრაქციის შექმნის მიზნით კონსულტაციებს აწარმოებენ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასწარი ინფორმაციით, პარტია პარლამენტში რამდენიმე ფრაქციის შექმნას გეგმავს.
კანონის თანახმად, პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა ამ პოტზე ოფიციალურად დღეს ან ხვალ უნდა წარადგინოს, ვიდაიდან კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის გადაყენების, გადადგომის ან უფლებამოსილების მოხსნის შემთხვევაში, პრემიერს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარადგენს.
საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება 10 ოქტომბერს შეუჩერდა, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენიოს ვადა ხვალ, 17 ოქტომბერს იწურება.

















