საქართველოს პრეზიდენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარტიის განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის კარგი საწინდარი გარკვეული პერიოდით ოპოზიციაში გადასვლა იქნება.
„ოპოზიციაში ყოფნა, ყველა პოლიტიკური ძალისთვის სერიოზული განახლების საფუძველი და საწინდარია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის განახლებისთვის გარკვეული პერიოდით ოპოზიციაში ყოფნა ძალიან სასარგებლოა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პარტიას ახალი ხალხი და ახალი სისხლი სჭირდება, ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრი ადამიანი წევრიანდება.
სააკაშვილი პარტიის ახალ გენერალურ მდივნად ექს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის არჩევას კმაყოფილებით შეხვდა. მისი თქმით, მერაბიშვილს კარგი ორგანიზაციული გამოცდილება აქვს.
„ჩვენ ვართ იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაცია და არა პიროვნებაზე, რადგან პიროვნებები წავლენ და მოვლენ, ხოლო იდეა არის ქართული სახელმწიფოებრიობ, თავისუფლება, თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის და სარგებლის მოტანა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი იქნება, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას, სავარაუდოდ, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.

















