საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის პოლიტიკაში
ძალას და გადამწყვეტ როლს შეინარჩუნებს.
როგორც სააკაშვილმა დღეს საღამოს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შემდგომი თვეებისა და წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენები, ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი უნდა იყოს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიისთვის ეს დრო განწმენდის, განახლებისა და ახალი ეტაპის დაწყების მნიშვნელოვანი პერიოდი უნდა იყოს.
„ჩვენი ამოცანა არ არის ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც პრეზიდენტს ძალოვანი მინისტრებისა და სხვადასხვა დონის უწყებებში გავლენის შენარჩუნების ყველა ბერკეტი მქონდა, პრაქტიკულად ყველაფერი, რისი გადაბარებაც შეიძლებოდა, საქართველოს ახალ მთავრობას გადავეცი“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მოქმედი მთავრობა ახალ მთავრობას არა მხოლოდ ბერკეტებს, არამედ ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურსს უტოვებს, რაც კი უახლოეს ისტორიაში საქართველოს ოდესმე ჰქონია.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტში ამდენი მილიარდი არასდროს ყოფილა, ეს კი, მისი თქმით, მოქმედი მთავრობის წესიერი მუშაობის შედეგია.
„ახალ მთავრობას ვუტოვებთ ძალიან კარგად ფუნქციონირებად სახელმწიფო ინსტიტუტებს, ძალიან კარგ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ თავისი დაპირებების შესასრულებლად უნდა გამოიყენონ. გაგვიხარდება ყველა ნაბიჯი, რომელსაც ახალი მთავრობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ გადადგამს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის ოპოზიცია ვერ იქნება, რადგან პარტიის იდეა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას ეფუძნება.

















