კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ექვსი სამინისტროს მინისტრობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სიზარ სუბარმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩატარდება.
ამ დროისთვის კოალიციას მინისტრობის კანდიდატი არ ჰყავს წარდგენილი ფინანსთა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; განათლებისა და მეცნიერების; გარემოს დაცვის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებსა და დასაქმების სახელმწიფო სამინისტროში.
წინასწარი ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პოსტს ნოდარ ხადური, ხოლო განათლების მინისტრის თანამდებობას გიორგი მარგველაშვილი დაიკავებს.
„ქართულ ოცნებაში“ არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მამუკა ნიკოლაიშვილის შესაძლო წარდგენის თაობაზე.
როგორც კოალიციაში განმარტავენ, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის სრული შემადგენლობა გადამდგარია, პრეზიდენტი ვალდებულია 17 ოქტომბრამდე შეარჩიოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. შესაბამისად, უნდა დაჩქსრდეს მთავრობის წევრთა შერჩევის პროცესი.
ბიძინა ივანიშვილმა ერთი კვირის წინ უკვე წარადგინა მინისტრთა ახალი კაბინეტის ძირითადი ნაწილი - შს მინისტრის პოსტზე დასახელდა ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია, ამავე დროს, ის იქნება ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი - სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კახა კალაძე, რომელიც მეორე ვიცე-პრემიერი იქნება, სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარდგენილია კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე - პაატა ზაქარეიშვილი.
ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატად დასახელდა რევაზ შავიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად - ნოდარ ჯავახიშვილი, მთავარ პროკურორად - არჩილ კბილაშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად - მაია მიმინოშვილი.

















