ახალი მთავრობის სრული შემადგენლება, სავარუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
მომავალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში მინისტრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
მინისტრობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა შესაძლოა, ხვალაც დასახელდეს.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის სრული შემადგენლობა გადამდგარია, პრეზიდენტი ვალდებულია 17 ოქტომბრამდე შეარჩიოს პრემიერის კანდიდატურა და შესაბამისად, ახალი მინისტრების შერჩევა უნდა დაჩქრადეს.
ივანიშვილმა ერთი კვირის წინ უკვე დაასახელა ახალი მინისტრთა კაბინეტის ძირითადი ნაწილი - შსს მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ალასანია, ამავე დროს, ის იქნება ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი - სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კახა კალაძე, რომელიც ვიცე-პრემიერიც იქნება, სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარდგენილია კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე - პაატა ზაქარეიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია ფინანსთა; ეკონომიკის; განათლების; გარემოს დაცვის; ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრების და დასაქმების სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურები.
ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატად რევაზ შავიშვილი დასახელდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად - ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალურ პროკურორად - არჩილ კბილაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად - მაია მიმინოშვილი.

















