რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ამის შესახებ სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
კერძოდ, უწყების ცნობით, 3 ოქტომბერს რუსთავის N17 დაწესებულებიდან რამდენიმე მსჯავრდებული რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმრების ა.შ-ს და კ.კ-ს საკარანტინე ნაწილიდან საკანში განთავსების შემდეგ, მათ და საკანში მანამდე მყოფ პატიმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ახლადაგადაყვანილმა პატიმრებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
სამინისტორს ინფორმაციით, დაპირისპირება პატიმრებს შორის არსებული ძველი კონფლიქტით იყო გამოწვეული.
თავად პატიმრები, სამინისტროს ცნობით, აცხადებენ, რომ დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღეს.
„მსჯავრდებულებს მაშინვე გაუწიეს სამედიცინო დახმარება. ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ მომენტისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან დაზარალებული პატიმრების ოჯახები“ - აცხადებს სამინისტრო.
ფაქტზე დაიწყებულია გამოძიება.
„გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, წარსულში კონფლიქტის მქონე პატიმრები რატომ მოხვდნენ ერთ საკანში და ხომ არ ჰქონდა ადგილი სასჯელაღსრულების სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, რამაც განაპირობა მსგავსი კონტინგენტისა და ურთიერთდაპირისპირებული პატიმრების ერთ საკანში განთავსება“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

















