კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება და ბიზნესი არ უნდა მეგობრობდნენ - ამის შესახებ მან ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესისა და დღეს არსებული ხელისუფლების „მჭიდრო თანამშრომლობა“ მაგალითია იმისა თუ როგორი არ უნდა იყოს მათი ურთიერთობა.
კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესთან კი არ უნდა თანამშრომლობდეს, არამედ, უნდა უსმენდეს მას.
„რაც უფრო შორს იქნება ხელისუფლება ბიზნესისგან, მით უკეთესია“- განაცხადა ივანიშვლმა დასძინა, რომ მისი ხელისუფლება ბიზნესთან მსგავს „დამეგობრებას“ აღკვეთავს.
კოალიციის ლიდერის თქმით, მან სუფთა ხელებით, სუფთა ბიზნესის კეთების პრეცედენტი რუსეთში შექმნა, სადაც თავის საქმეს „კრიმინალები“ არ გააკარა.
„იგივეა ჩინოვნიკების შემთხვევაშიც. არავითარი დახმარება მათგან არ უნდა მიიღოთ“ - განუცხადა მან შეკრებილ ბიზნესმენებს.
ივანიშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ათუთქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათზე, ზეწოლის ფაქტები არ იქნება.
იმ შემთხვევაში თუ ასეთ ფაქტებს მაინც ექნება ადგილი, ივანიშვილმა ბიზნესმენებს მათი გასაჯაროებისკენ მოუწოდა და დაპირდა, რომ ამაზე ხელისუფლება დაუყოვნებელ რეაგირებას მოახდენს.
„არავის ვემუქრები და არც ვაშინებ, თავად გადახედეთ თქვენს საქმიანობას და თავად დაწიეთ ფასები რეალურ საბაზრო ფასებამდე“ - განუცხადა ივანიშვილმა ბიზნესმენებს.
კოალიციის ლიდერის თქმით, ახალი მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შექმნის ისეთ ორგანოს, რომელიც ბიზნესმენების წინადადებებს განიხილავს.

















