საქართველოს არც მოქმედი ხელისუფლება და არც არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ არ დაუშვებენ გარდამავალ პერიოდში კრიმინალური ვითარების დაძაბვას.
როგორც დღეს სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრის შემდეგ პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ბოლო დროს კრიმინალური ფაქტების გახშირების საკითხი.
„იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ არის სიტუაცია, როდესაც მათ შეუძლიათ დანაშაულის ჩადენით იხეირონ. არავის უნდა მივცეთ ამ გზით ხელის მოთბობის საშუალება“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, სანამ არის მოქმედი ხელისუფლება, ეს არის ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილი და ყველა სამინისტრო სათანადოდ იმუშავებს, მათ შორის შსს.
„არც ერთი სტრუქტურა არ ჩამოიშლება და არც დემორალიზაცია არ მოხდება. ერთობლივი პასუხისმგებლობის ნაწილია, რომ ტრანზიციის პროცესში არც ერთი უწყების ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნას, არ იყოს კრიმინალი, ძალადობა, არეულობა“ - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ სამუშაო ჯგუფებს შორის ამ საკითხზე არის სრული თანხმობა.
ბაქარძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან მიმართებაში.

















