საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს მთავრობაში ძალოვანი მინისტრების წარდგენის შესახებ, თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას.
ამის თაობაზე დღეს ხელისუფლების სამუშაო ჯგუფის წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს. განსაკუთრებული უფლებამოსილება აქვს ძალოვან მინისტრებთან მიმართებაში, თუმცა, არ ვაპირებთ არცერთი ამ მექანიზმის გამოყენებას და რაიმე ფორმით „ქართული ოცნების“ კანდიდატურების ბლოკირებას“-განაცხადა ბარაძემ.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვებულ კოალიციას სრული უფლებამოსილება ექნება წარმოადგინოს ნებისმიერი კანდიდატურა.
„ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკური კრიზისის შექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღარ იქნება გადაბარების მშვიდობიანი და სტაბილური პროცესი. დავეთანხმებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატურას და ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე. „ქართული ოცნების“ პასუხიმგებლობის ნაწილია, წარმოადგინონ ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი კანდიდატურები“ - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ეს გათავისებული აქვს.
რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა თუ არა ახალ მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, დავით ბაქრაძე ამას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს, თუმცა, აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს რომელიმე მოქმედი მინისტრის დატოვებას, ეს მისი გადასაწყვეტია.

















