ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველა ძირითად სტრუქტურაში, მათ შორის ძალოვან
უწყებებში, თავის წარმომადგენლებს მიავლენენ.
ამის შესახებ კოალციის სამუშაო ჯგუფის წევრმა დავით უსუფაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კოალიციის წარმომადგენლები უწყებებში უმტკივნეულოდ გადაბარების პროცესს უზრუნველყოფენ. ასევე, გაეცნობიან სამინისტროებში არსებულ ვითარებას და სახელმწიფო უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ნიადაგს მოამზადებენ. როგორც მან აღნიშნა, არ უნდა შეფერხდეს სახელმწიფო წესრიგის დაცვა და ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობა.
უსუფაშვილის თქმით, კოალიციის წარმომადგენლები ასევე ჩაერთვებიან ჟენევის ფორმატში დაგეგმილ მოლაპარაკებებში და ევროკავშირთან სხვადასხვა საკითხთან მომუშავე ჯგუფებში.
ამასთან, უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მოქმედ მთავრობას ეკისრება.

















