გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს სტატიით „საქართველომ თავისი ნება გამოხატა“ ეხმიანება. სტატიის ქართულ თარგმანს „foreignPRESS“ აქვეყნებს.
სარედაქციო სტატიაში ავტორი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წარმატებას „პროდასავლელი პრეზიდენტის პარტიაზე კარჩაკეტილი მილიარდერის გასაოცარი გამარჯვების“ შეფასებას აძლევს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი კითხვებს აჩენს, თუმცა, თავად არჩევნები აღფრთოვანებას იმსახურებს.
„უზარმაზარი მიღწევა გახლავთ ის, რომ ორშაბათს ამ პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით გამორჩეულად თავისუფალი და სამართლიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სულ უფრო და უფრო დესპოტურ გზებს მიმართავდა. „ვარდების რევოლუციიდან“ ცხრა წლის შემდეგ, ამ არჩევნების შედეგები ორივე მხარემ აღიარა“-აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი, ასევე, შენიშნავს, რომ ქვეყანა გარდამავალ პოლიტიკურ ფაზაშია და გამარჯვებულმა და დამარცხებულმა მომდევნო ერთი წელი ის ერთად უნდა მართონ. ასევე, საქართველომ დასავლეთს და რუსეთს შორის თავისი ადგილი უნდა იპოვოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილი შემდეგი ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტი იქნება, მაშინ, როცა გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობა გახდა და როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრად ივანიშვილს დაამტკიცებს. სტატიის თანახმად, შემდეგ შემოდგომაზე ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, რომლითაც ძალაუფლების დიდი ნაწილი პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.
„მანამდე მეტოქეებმა როგორმე უნდა მოიშუშონ მანკიერი წინასაარჩევნო კამპანიის იარები იმ კულტურაში, სადაც კომპრომისს ადგილი არ აქვს. მაშინაც კი, როდესაც დიდსულოვნად აღიარა დამარცხება, სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გვჯერა, რომ მათი შეხედულებები უკიდურესად მცდარია“. ივანიშვილმა კი სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა, მოგვიანებით მოთხოვნა უარყო“-აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში საუბარი რუსეთთან ურთიერთობასაც ეხება. ავტორი წერს, რომ ახალი მთავრობის კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთთან დაძაბულობის შემცირებაა ისე, რომ ქვეყანამ უარი არ თქვას დასავლურ ამბიციებზე.
„ივანიშვილს, რომელმაც რუსეთში უზარმაზარი ქონება იშოვა, თავად ქართველებიც კი ფაქტობრივად არ იცნობდნენ მანამ, სანამ ერთი წლის წინ, პოლიტიკაში არ შეაბიჯა და დღემდე გამოცანასავით რჩება. მან პირობა დადო, რომ რუსეთთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს, ასევე ამბობს, რომ ნატოში ქვეყნის გასაწევრიანებლად მუშაობას განაგრძობს“-ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კამპანიის დროს ვაშინგტონმა ბრძნულად აარიდა თავი რომელიმე მხარის მხარდაჭერას, რუსეთმა კი, იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები „კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემაზე“ აგებულ ურთიერთობებს აღადგენს.
„რუსეთისთვის ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თავი დაანებოს ეკონომიკურ ზეწოლას და გააცნობიეროს, რომ საქართველოს თავისი იმედები და ოცნებები აქვს“- ნათქვამია სტატიაში.

















