ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საშემოდგომო სესიაზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც
პრეზიდენტ პუტინს სახელმწიფოში სისტემის დემოკრატიზაციისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყბება მიესალმება აღნიშნულ მნიშვნელოვან რეზოლუციას.
„შვიდი წლის განმავლობაში ეს რუსეთის ფედერაციის შესახებ პირველი სრულყოფილი მოხსენებაა, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პუტინს მოახდინოს რუსეთში „სისტემის დემოკრატიზაცია'' - აღნიშნავს საგარეო უწყება.
სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, რეზოლუციები რუსეთისა და საქართველოს ომის შედეგების შესახებ და „უარყოს ქვეყნების დაყოფა გავლენის სფეროებად ე.წ. „ახლო საზღვარგარეთი“.
გარდა ამისა, რეზოლუცია გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პირდაპირი უგულვებელყოფით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
როგორც რეზოლუციის დასკვნაშია აღნიშნული, საარჩევნო უბნების გახსნა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის წინასწარი პასპორტიზაცია, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ევროსაბჭოს მიერ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს რწმენას, რომ საპარლამენტო ასამბლეა შემდგომშიც ხელს შეუწყობს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ევროპული ღირებულებების გავრცელებას.
რეზოლუცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების რუმინელი გიორგი ფრუნდასა და შვეიცარიელი ანდრეას გროსის ანგარიშს ეყრდნობა.

















