თეთრიწყაროს ბათილად ცნობილი #31 უბნის კენჭისყრის შედეგები ხელახლა დაითვლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე წუთის წინ სხდომაზე მიიღო.
აღნიშნული უბნის კენჭისყრის შედეგები საოლქო კომისიამ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არარსებობის გამო ბათილად სცნო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ” საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.
კომისიამ დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბიულეტენების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს საჩივარი ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზეც, სწორედ ამიტომ იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოიტანა ეს საჩივარი დღეს და უმრავლესობამ დაუმტკიცა კიდეც. ყველა უბნის შედეგს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თეთრიწყაროში კანდიდატებს შორის მცირე სხვაობაა” - განაცხადა კომისიის წევრმა ნინო გოგუაძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, თეთრიწყაროს 31-ე უბანი 92 ამომრჩეველს მოიცავს და იქ მიღებული ხმები ხელახლა გადაითვლება.
„თეთრიწყაროში, სადაც არის პატარა უბანი გადავწყვიტეთ, რომ ხმები ხელახლა გადავთვალოთ. რაც შეეხება საკონტროლო ფურცელს, საოლქომ უნდა გადაწყიტოს, რამდენად კანონდარღვევაა ეს საკითხი”- განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მთლიანობაში ბათილად ცნობილია 4 უბნის შედეგები.

















