პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებს უპასუხისმგებლოდ და არასერიოზულად ექცევა.
როგორც მან ცესკო-ში ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ძალადობა და აგრესია, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მოქალაქეების მიმართ მოწმობს იმას, რომ „ქართულ ოცნებას” მოქალაქების ბედი არ აწუხებთ.
„ნაციონალური მოძრაობა” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობით ექცევა საკუთარ მოქალაქეებს და მათ არჩევანს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” აღმოჩნდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უპასუხისმგებლოდ და არასერიოზულად ექცევა საქართველოს მოქალაქეებს, რაც მე ძალიან მაწუხებს, რადგან ეს ის ძალაა, რომელიც პარლამენტში უმრავლესობით უნდა იყოს” - განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში პროცესები ძალადობრივი და აგრესიული გზით წარიმართოს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - იყო თუ არა სპეცრაზმი არჩევნების დღეს მობილიზებული ხაშურის საარჩევნო უბანზე, მინაშვილმა უპასუხა, რომ პოლიციამ აგრესიის შემთხევვაში მოქალაქები უნდა დაიცვას.
„პოლიცია არის ის ინსტიტუტი, რომელმაც უნდა დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. თუ იქნება რაიმე სახის აგრესია, ბუნებრივია პოლიციის მთავარი ვალდებულებაა მოახდინოს ამ აგრესიის პრევენცია” - განაცხადა მინაშვილმა.

















