არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფიზიკური და მორალური ზეწოლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც „ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაციებს კანონის ფარგლებში მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება უნდა მიეცეთ.
„ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ საარჩევნო ადმინისტრაციებს მოუწოდებს, ყველა მიღებული განცხადება და საჩივრის განხილვა ობიექტურად, კანონის ფარგლებში, მხოლოდ არსებული ფაქტების გათვალისწინებით მოხდეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ყველა მხარეს მოუწოდებენ, დავების გადასაჭრელად კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს მიმართონ.
„ორივე მხარის ადეკვატური რეაგირების პირობებში, არსებული სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელია, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებში რიგი უბნებისა და ოლქების შედეგების გაუქმების უფლება აქვს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და მიუკერძოებლად განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც კენჭისყრის დღის, ასევე, მისი შემდგომი პერიოდის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.
„ახალი თაობა-ახალი ინიციატივას“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოდან უკვე გაემგზავრნენ.

















