ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის თაობაზე მან განცხადება უკვე დაწერა.
როგორც კაციტაძემ „ნიუსპრესს” განუცხადა, კომისიის დღევანდელ სხდომაზე ბოლო მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა კომისიის მიერ დაზუსტებულ სიასა და სამაგიდო სიებთან შესაბამისობის კუთხით.
მისი თქმით, დადასტურდა, რომ ყველა სიახლე, რაც კომისიამ ამომრჩეველთა სიებში შეიტანა, არ შეცვლილა და კომისიის მიერ დაზუსტებული სია შესაბამისობაში იყო სამაგიდო სიებთან.
„ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ როცა საუბარია 1 ოქტომბრის არჩევნების წარმატებულობაზე დემოკრატიის თვალსაზრისით, ჩვენი კომისის წვლილი არსებობს ამ საქმეში, რადგან მუდმივად, ამომრჩეველთა სია იყო ერთ-ერთი უბედურების საგანი, ახლა კი, სია საერთოდ არავის უხსენებია. ეს ის პრობლემაა, რომელზეც 90-იანი წლებიდან დაწყებული სულ დავიდარაბა იყო და 2003 წელს რევოლუცია მოხდა” - განუცხადა „ნიუსპრესს” კაციტაძემ და დასძინა, რომ 2012 წლის არჩევნებში სიის პრობლემა საერთოდ არ დაფიქსირებულა იშვიათი გამონაკლისების გარდა.
მისივე თქმით, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ თავისი უმთავრესი ფუნქცია შეასრულა და სიებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოხსნა.
„მესმის, რომ ყველას უნდა ყველაფერი თავის თავზე მიიწეროს, მაგრამ ამისთვის სპეციალურიად შეიქმნა კომისია, რომელმაც ეს პრობლემა მოხსნა” - განაცხადა კაციტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, კომისია მალე მუშაობას დაიწყებს შემაჯამებელ ანგარიშზე და რეკომენდაციებზე, თუ რა არის გასაკეთებელი სამომავლოდ სიების სიზუსტის გაუმჯობესების კუთხით.
კაციტაძის თქმიით, კომისიის ფუნქციონირების ამოწურვამდე დაახლოებით 3 თვეა დარჩენილი, თუმცა, არჩევნების შემდეგ თავმჯდომარის პოზიციაზე მისი ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ნათქვამი მქონდა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩემს თავს კომისის თავმჯდომარედ ვეღარ ვხედავდი. ყველა ეტაპი გავლილი და დასრულებულია, ამიტომ, მე გადავდექი თავმჯდომარის თანამდებობიდან. ამასთან, 17 ნოემბრიდან დაწყებული, დღევანდელ დღემდე ყველა ეტაპზე და კომისიის ყველა ნაბიჯზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რადგან ეს იყო ჩემი ხელმძღვანელობით წარმოებული პროცესი, თუ რამე ნაკლოვანებებია ჩემი ბრალია და დამსახურებებშიც ალბათ, გარკვეულწილად წვლილი მიმიძღვის” - განაცხადა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაში რიგით წევრად დარჩება.
მისივე განმარტებით, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობა დარჩენილი 3 თვის განმავლობაში შესაძლოა, თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა მელაძემ გააგრძელოს. კომისიის ფუნქციონირების ვადა 31 დეკემბერს იწურება.

















