საქართველოში კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიაა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის
შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა ვოლფგანგ ტირსემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში საინტერესო პროცესები ხორციელდება და ეს დემოკრატიის გამოცდაა, რასაც გერმანია დიდი სიმპათიით აკვირდება.
ტირსეს თქმით, გერმანია დემოკრატიულ გზაზე საქართველოს მხარს მომავალშიც დაუჭერს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, გერმანელი სტუმრები საქართველოში, ქართველი ერის მიერ კიდევ ერთი დემოკრატიული გამოცდის ჩაბარების და პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის მოწმენი გახდნენ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს ვერასოდეს ვერავინ გადაახვევინებს ევროპული და ევროატლანტიკური გზიდან.
„სადაც არ უნდა ვიყოთ, ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში, ყოველთვის თქვენი ვიზიტის მოხარული ვიქნებით“-განაცხადა ვაშაძემ და გერმანელ ერს და გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

















