კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან მოსახლეობის
მიერ გამოხატულ პროტესტს სამართლიანს უწოდებს.
როგორც ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსახლეობაში უსამართლობის განცდაა, რომელიც არჩევნებისთვის დამახასიათებელია. განსაკუთრებით ისეთი არჩევნებისთვის, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა.
მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ იტაცებდნენ ბიულეტენებს ხაშურში იმისთვის, რომ იქ პრობლემები შექმნილიყო.
„მოსახლეობის პროტესტი ბუნებრივია. პრობლემები გაცილებით მეტია, ვიდრე ეს რომელიმე ვიდეოკამერამ დააფიქსირა. ამიტომ, სამართლიანია ის პროტესტი, რომელსაც ხალხი გამოხატავს“ - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, კოალიციის ლიდერები, აღნიშნულ საკითხში უკვე ჩაერივნენ და ცესკო-სთან ერთად მის დარეგულირებას ცდილობენ.
ძიძიგურის განცხადებით, არჩევნების პერიოდი ჯერ კიდევ გრძელდება. ამიტომ, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პერიოდი მშვიდობიანად დასრულდეს.
ამასთან, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ამ დროის მონაცემებით, „კონსერვატიული პარტია“ პარლამენტში ხუთი წევრით შედის. ხუთი კონსერვატორი კი, მისი შეფასებით, პარლამენტში ცოტა არ არის.

















