კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მინისტრთა მომავალი
კაბინეტის შემადგენლობა მისთვისაც უცნობია.
როგორც ძიძიგურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი მაღალია, ის ამ ინტერესს ვერ დააკმაყოფილებს.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავად გაახმაურებს.
„დიდი საუბრები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, რადგან არჩევნები ჯერ არ არის დასრულებული. პროცესები უნდა დასრულდეს და გადაწყვეტილებებია მისაღები. ამიტომ, ჯერ საარჩევნო საკითხებით ვართ დაკავებულები“ - განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგურის თქმით, მინისტრთა კაბინეტის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ მალე გახდება ცნობილი.
„მოხვდებიან თუ არა ახალ მთავრობაში ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი ან ვინმე სხვა, რომლებიც ჩვენს კოალიციაში არ არიან, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ვარ“-განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა,რომ „ქართული ოცნება“ საუკეთესო ქვეყნის ჩამოყალიბებას შეძლებს.
ამასთან, ძიძიგურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრადაა დაბადებული, რადგან ყველაფერს, რაც მან შექმნა, სწორედ პრემიერის ნიჭი სჭირდება.

















