კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ ქუჩაში გამოსვლებისგან თავი შეიკავონ.
როგორც კოალიციის ლიდერმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ ახლა ხელისუფლებაშია და არა ოპოზიციაში, შესაბამისად, ქუჩაში, როგორც წესი, ოპოზიცია გამოდის.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მაქსიმუმ თვის ბოლომდე ხელისუფლებას მთლიანად გადაიბარებს და ყველა სადავო საკითხი სამართლებრივად გაირკვევა.
„უკვე უნდა გადავინაცვლოთ შენობებში და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში, სადაც გაირკვევა ყველაფერი“ - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კომისიებზე წეზოლაში ადანაშაულებს. პარტიის განცხადებით, იმ ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს, კოალიცია საკუთარი მხარდამჭრების მობილიზებით ცდილობს ზეწოლას. გუშინ რამდენიმე რაიონში, სადაც არჩევნების შედეგებზე აღნიშნული პარტიები დავობენ, კოალიციის მხარდამჭერები საარჩევნო კომისიასთან იყვნენ შეკრებილი.

















