დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ჰეიგი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მისი აზრით, მიუხედავად პოლარიზებული და დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიისა, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი და კონკურენცია შესამჩნევი იყო.
„მე ველოდები, რომ საბოლოო შედეგებში ქართველი ხალხის ნება აისახება“-ნათქვამია ჰეიგის განცხადებაში.
მისი თქმით, ყველა მხარემ გვერდზე უნდა გადადოს მათ შორის არსებული განსხვავებები და ერთობლივად შეუდგეს ახალ პარლამენტში მუშაობას და ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს.
„თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ჭეშმარიტი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილებია. დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული მომავლის განვითარებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საქმეში“-აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

















