უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებას გამოთქვამს ცალკეულ რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციონირების თვალსაზრისით შექმნილ პრობლემებზე
და მოუწოდებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პრობლემური საკითხები მხოლოდ ინსტიტუციონალური გზებით გადაწყვიტოს.
როგორც კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ცესკო-ს ინფორმაციით, პრობლემები იკვეთება თერჯოლის, მარნეულის, თეთრიწყაროს, სიღნაღის, ამბროლაურის, მარტვილის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საოლქო კომისიების ნორმალური ფუნქციონირების მხრივ.
„კომისიების შენობებთან შეკრებილი აქტივისტები ზეწოლას ახდენენ კომისიის წევრებზე, ზოგჯერ კი მათ მიმართ ძალადობის მუქარას აქვს ადგილი“ - აღნიშნავს უწყებათაშორისი კომისია.
კომისია მიმართავს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, არ მოახდინოს საოლქო კომისიებთან აქტივისტების მობილიზება, ვინაიდან მათი მხრიდან ძალადობის მუქარა ძალადობრივი ესკალაციის საფრთხეს შეიცავს, რაც საერთო ჯამში არჩევნების შედეგების შეჯამებას უქმნის საფრთხეს.
ამასთან, უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები და შესაძლებლობა მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიებს ნორმალურ და მშვიდ ატმოსფეროში წარმართონ თავისი საქმიანობა.

















