„სახალხო კრება“ საქართველოს მოსახლეობას, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც „სახალხო კრების“ განცხადებაშია აღნიშნული, ძალა ხალხშია და ეს თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, „რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და ახლობლების უსაფრთხოების ფასად მიხეილ სააკაშვილის ნეობოლშევიკურ რეჟიმს წლების განმავლობაში ებრძოდა“.
განცხადების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი ბრძოლის საბოლოო გამარჯვებით დასრულების საფუძველია.
„უმძიმესი წინასაარჩევნო გარემოს, ხელისუფლების ძალადობის, ტერორის, დაშინებისა და ცილისწამების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ნამდვილი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინა და მთელი მსოფლიოს გასაგონად „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს უარი უთხრა“- ნათქვამია განცხადებაში.
„სახალხო კრების“ წარმომადგენლების თქმით, ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილის ღამემ კომუნისტური რეჟიმი საბოლოოდ გატეხა და წელიწადნახევარში ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად, არჩევნებით გამარჯვება მოიპოვა, ახლაც, მათი თქმით, 2011 წლის 26 მაისის ღამემ სააკაშვილის ტირანიას ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნა და 1 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა.
„დღევანდელი გამარჯვება მყიფეა, რადგან დემოკრატიულობისა და არჩევნების სამართლიანობის ფასადის მიღმა, სააკაშვილი და მისი გუნდი არჩევნების შედეგებით მანიპულირებას და რეალური სურათის მაქსიმალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ შეცვლას ბოლომდე ცდილობს. დარწმუნებული ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და საქართველოს მოსახლეობა მათ ამის საშუალებას არ მისცემს“ - აცხადებენ „სახალხო კრებაში“.
„სახალხო კრება“ იმედს გამოთქვამს, რომ ახლადარჩეული პარლამენტის ერთ-ერთი უპირველესი გადაწყვეტილება ყველა პოლიტიკური და უკანონო პატიმრის გათავისუფლება და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იქნება.
„სახალხო კრება“ ასევე იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს და ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.

















