კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი მზად არის ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.
როგორც ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში ის შეხვდება სააკაშვილს, თუმცა ეს შეხვედრა მხოლოდ საჯაროდ შედგება.
ივანიშვილის თქმით, მას თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს.
„ჩვენ თანამშრომლობის პრობლემა არ გვაქვს და აუცილებლად მოვახერხებთ ნებისმიერი საკითხის განხილვას, თუ მისი მხრიდან არ შეიქმნება ეს პრობლემა“ - განაცხადა მან და განმარტა, რომ როდესაც მან პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გააკეთა განცხადება, ეს არც ულტიმატუმი და არც მოთხოვნა იყო.
„რთული კონსტიტუცია გვაქვს. პრობლემური კონსტიტუციაა, რამდენადაც ის ერთ კაცზე იყო მორგებული. ორხელისუფლებიანობა და მსგავსი პრეცედენტები რომ არ წარმოიქმნას, ამ შემთხვევაში განმუხტვის ერთ-ერთი კარგი ვარიანტი იქნებოდა პრეზიდენტის გადადგომა. თუმცა, კიდევ ვაცხადებ, რომ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა არ შეიქმნება, და ეს არ იყო არც ულტიმატუმი და არც მოთხოვნა, ეს იყო მხოლოდ განხილვა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

















