„ნაციონალური მოძრაობა“ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ დაშინებასა და მუქარაში ადანაშაულებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი, თერჯოლაში, ამბროლაურში, ქუთაისში, მარტვილში, ზუგდიდში, სიღნაღში, მარნეულში, თეთრიწყაროში, წალკაში, ხაშურსა და ბოლნისში „ქართული ოცნების“ ლიდერები და ასობით აქტივისტი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დაშინების კამპანიაშია ჩართული.
განცხადების თანახმად, ეს ის ოლქებია, სადაც ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
„ისინი კომისიის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და აფრთხილებენ, რომ დაისჯებიან, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვებას დაადასტურებენ, რადგან სამართალდამცავ სტრუქტურებს და სასამართლოებს უკვე ისინი აკონტროლებენ“- ნათქვამია განცხადებაში.
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიების გარეთ ასობით აქტივისტია მობილიზებული, მათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები და მაჟორიტარობის კანდიდატები უდგანან სათავეში.
„თეთრიწყაროში მათ საუბნო საარჩევნო კომისიიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში ქონებისა და საარჩევნო ყუთების გადატანას ხელი შეუშალეს. კომისიის წევრმა კომისიის სხდომაზე საჯაროდ განაცხადა, რომ ზეწოლის გამო იძულებულია კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს, რის შედეგადაც კანონის დარღვევით 1 უბნის შედეგები გაუქმდა“- აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
მათივე თქმით, ასევე, ზუგდიდში ისინი აშინებენ კომისიის წევრებს და დასჯით ემუქრებიან, თუკი ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას დაადასტურებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მარტვილში, ამბროლაურსა და მარნეულში საოლქო კომისიის გარეთ „ქართული ოცნების“ ასობით აქტივისტია მობილიზებული, ზოგიერთ შემთხვევაში ბლოკირებულია კომისიის შენობის შესასვლელები.
„თერჯოლაში საოლქო კომისიის წევრები განცხადებებს წერენ და ღიად აფიქსირებენ, რომ ასეთი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მუშაობაზე უარს ამბობენ. ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია და ამომრჩევლის ნების ფეხქვეშ გათელვაა“- ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო თანამეგობრობას საოლქო კომისიებზე განსაკუთრებული მონიტორინგის დაწესებისკენ მოუწოდებს.

















