პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალას ურჩევს, გამარჯვება ნაადრევად არ იზეიმოს - ამის შესახებ ცინცაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა.
„ცოცხალი დათვის გატყავება ძალიან საშიშია. ნურავინ დაივიწყებს, რომ ერთი წელი ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერი იქნება პრეზიდენტი, სამ წელზე მეტი დედაქალაქის მერი იქნება ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ყველა არჩევითი თანამდებობა დღეს ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს უკავიათ, ბიზნესი ყოფილი მმართველი პარტიის ფავორიტების ხელშია“ - აღნიშნა ცინცაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ცინცაძის შეფასებით, პარტიას ამისთვის არც თუ ცუდი სასტარტო პოზიცია აქვს.
ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ერთ წლის შემდეგაა დაგეგმილი, ამ ვადაში კი - ყოფილი მმართველი პარტია სათანადო მომზადებას შეძლებს.
„არჩევნები რომ 2-3 თვეში იყოს დანიშნული, ივანიშვილმა ვინმე მარგინალის კანდიდატურაც რომ წამოაყენოს, მაინც გაიმარჯვებს“-აღნიშნა მან.
გარდა ამისა, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ივანიშვილი ჯადოქარი არაა, რომ ერთ წელიწადში ხალხის ყველა მოლოდინი დააკმაყოფილოს, ამდენად, არ არის გამორიცხული, საპრეზიდენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოებაში ერთგვარი იმედგაცრუება გაჩნდეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სათავისოდ გამოიყენებს.
„ხალხი ელოდება, რომ ყველაფერი, რაც გუშინ ცუდად იყო, დღეს უცებ კარგად იქნება. ბუნებრივია, ვერც ერთ და ვერც ორ წელიწადში ყველაფერი კარგად ვერ იქნება“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატება მის შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ის დასძენს, რომ ყოფილი მმართველი გუნდი პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთივე ბრძოლისუნარიანი აღარ არის, როგორიც ცხრა წლის წინ იყო.
„სააკაშვილმა დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც სიაში ბევრი გამოუცდელი ადამიანი შეიყვანა. ვერ წარმომიდგენია, რა პოლემიკურ წინააღმდეგობას გაუწევს 21 წლის საჯაია თუნდაც ირაკლი ალასანიას“-აღნიშნა ცინცაძემ და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში მყოფი ძველი სახეები დიდი პოლემისტური შესაძლებლობებით არასდროს გამოირჩეოდნენ.
რაც შეეხება არჩევნების შედეგს, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მასზე მნიშვნელოვანი გავლენა სასჯელაღსრულების სისტემაში განვითარებულმა მოვლენებმა და ე.წ. „ცოცხების ისტორიამ“ მოახდინა.
„ცოცხების ისტორია“ კატალიზატორად იქცა, ვინაიდან უკმაყოფილოთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. როდესაც კარდინალურ რეფორმებს ატარებ, იქ ბევრი შეცდომაცაა, ბევრი უკმაყოფილოც, ბევრი უსამართლობაც, მაგრამ არსებობს კრიტიკურლი ზღვარი. ამ ზღვრამდე ხალხი ითმენს, ამის მიღმა კი - აღარ. „ცოცხების ისტორია“ რომ არჩევნებამდე 7-8 თვის წინ მომხადრიყო, ჩემი აზრით, სულ სხვა რეალობა იქნებოდა “-განაცხადა მან.
მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია ბოლომდე ადეკვატური არ იყო, ვინიდან ხალხის გადმოსახედიდან, ორი მინისტრის გადადგომა საკმარისი არ იყო.
„ალბათ, უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტი შელეოდა ადეიშვილსაც. ობიექტური იქნებოდა ეს თუ არა, ხალხის მოთხოვნა იყო“-აღნიშნა ცინცაძემ.

















