პარტია „ახალი მემარჯვენებიის“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
როგორც დავით გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ის დანაპირებს ყოველთვის ასრულებს.
„ვთქვი, რომ თუ ახალ პარლამენტში ვერ შევიდოდით პოლიტიკიდან წავიდოდი. შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტიის თავმჯდომარის პოსტი და აქტიური პოლიტიკიდან წავიდე“- განაცხადა მან.
მისივე თქმით, „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის მოვალეობას პარტიის აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე შეასრულებს.
რაც შეეხება „ახალი მემარჯვენეების“ საქმიანობას, გამყრელიძე იმედოვნებს, რომ პარტია ქართულ პოლიტიკაში თავის ღირსეულ სიტყვას კვლავაც იტყვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი 12 წლის განმავლობაში გვერდით მედგა. ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში სერიოზული წვლილი შევიტანეთ. ეს ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლაა. ამიერიდან, პოლიტიკურ კომენტარებს და განცხადებებს აღარ გავაკეთებ“ - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, „ახალი მემარჯვენეების“ წესდებას პარტიის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებენ.

















