აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას ულოცავს და ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიულს უწოდებს.
„აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მიესალმება ისტორიული მნიშვნელობის არჩევნებს. პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელის საქართველოსთან ახლო თანამშრომლობისა და ძლიერი ორმხრივი პარტნიორობის განვითარებას“ - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კონკურენტული საარჩევნო კამპანიის ჩატარებით, რეგიონალური და გლობალური მასშტაბის მაგალითი დასახეს და თავისუფლად დაიცვეს საკუთარი დემოკრატიული უფლებები და დაამტკიცეს ერთგულება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველსაყოფად.
აშშ მიიჩნევს, რომ ჩატარებული არჩევნებით ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ კოალიციის ლიდერებმა, ისევე როგორც საქართველოს ახალმა პარლამენტმა ერთად უნდა იმუშაონ ეროვნული ერთობის სულისკვეთებით, რათა მოხდეს სამომავლო პროგრესის უზრუნველყოფა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც ქართველ ხალხს და მთელ რეგიონს წაადგება.

















