კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია აცხადებს,
რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს როლანდ ახალაიას შეუძლია, არჩევნებში გამარჯვებისთვის მადლობა საკუთარ შვილებს გადაუხადოს.
როგორც ალასანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, ვისაც ახალაიამ მადლობა შეუძლია გადაუხადოს კუდ-ი, სოდ-ი, საკუთარი შვილები და მეგის ქარდავა არიან, რომელიც მისი შეფასებით, მოსახლოების დასაშინებლად ზონდერჯგუფებს მართავდა.
მისივე თქმით, ახალაიამ ასევე, მადლობა გამყალბებლებს უნდა გადაუხადოს.
„გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა დავიწყეთ. 111 უბნიდან 40 ოქმში აღრიცხული ბიულეტენების რაოდენობა მოსული ამომრჩევლის რაოდენობას არ ემთხევა. ეს ნიშნავს, რომ ე.წ „სომხური კარუსელი“ დატრიალდა. ვამუშავებთ ძალიან ბევრ ვიდეომასალას, რომელიც აშკარად მიუთითებს დარღვევებს“ - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ვიდეომასალა უკვე შემოხაზულ ბიულეტენებით უბანზე შესვლას და სხვა დარღვევებს ასახავს.
ალასანიას განცხადებით, არა მარტო ზუგდიდში, არამედ სხვა რეგიონებშიც ტოტალური გაყალბება დაფიქსირდა.
„ეს ყველაფერი სამართლებრივად გაფორმდება, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. თუმცა, ეს ცესკო-ს გადასაწყვეტია. აღნიშნული არჩევნები სამეგრელოში ძირითადად, „სომხური კარუსელით“ და ძალოვანების თავგასულობით შედგა“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხებულია, თუმცა, სამართლიანობა უნდა აღდგეს, რადგან მოსახლეობას შეპირდა, რომ როლანდ ახალაიას არცერთ ხმას არ მოაპარინებდა.

















