კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი
სწორი სვლა გადადგომაზე განცხადების დაწერა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაა.
როგორც ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ხელისუფლებას დღეს რეალურად ძალა აღარ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას მხოლოდ მაშინ მართავდა, როცა ოპონენტი საერთოდ არ ჰყავდა.
„დღევანდელი მისი განცხადება ძალიან ჰგავს იმას, რომ რეალობა გააცნობიერა. არამგონია, რომ მან რაღაც ძალაუფლების გავრცელება დაიწყოს. ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ დღევანდელი განცხადების შემდეგ, თვითონვე მოახერხებს გადადგომას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ის სააკაშვილს ურჩევს სწორი სვლა განახორციელოს და გადადგომის შესახებ განცხადება დაწეროს.
„იმ ქაოსით, რომელიც მან კონსტიტუციაში შექმნა, ის ძალაუფლებას მაინც ვერ გაარძელებს. ამის შესაძლებლობა აღარ აქვს. ერთადერთი სწორი სვლა იქნება, დაწეროს განცხადება და საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი განცხადების დაწერას შეძლებს.

















