არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური აცხადებს, რომ ხმების პარალელური
დათვლის საფუძველზე, რომელიც 301 უბანს მოიცავს, საარჩევნო სიის 41-ე ნომერი, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ხმათა 55.9%-ით ლიდერობს.
რაც შეეხება საარჩევნო სიის მე-5 ნომერს, „ნაციონალურ მოძრაობას“, მან ხმების 39.5% მიიღო.
საარჩევნო სიის მე-10 ნომერს „ქრისტიან-დემოკრატიულ“ მოძრაობას ხმების 1.9% ხვდა წილად, ხოლო საარჩევნო სიის 38-ე ნომერს „ლეიბორისტულ პარტიას“ - 1.3%.
ამასთან, გიგაურმა არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრ უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი არ მუშაობდა ან სითხე იყო უვარგისი. ასევე, დაფიქსირდა საარჩევნო სიებში სხვა პირების ხელმოწერის და ხმის მიცემის, ბიულეტენების გარეთ გატანისა და ნაკლებობის ფაქტები, ბეჭდების არევა და სხვა.
რაც შეეხება ხმის დათვლის პროცესს, მისი თქმით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ხაშურის ოლქში სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი - რამდენიმე უბნიდან სპეცრაზმმა ყველა დამკვირვებელი გააძევა და ზოგ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა. საოლქო კომისიამ კი, სწორედ ამის შედეგად გადაკეთებული ოქმები ჩაიბარა.
ამასთან, ერთ-ერთ უბანზე დასათვლელად ყუთიდან გადმოლაგებულ ბიულეტენებს კომისიის წევრმა გიგი მჭედლიძემ სხვა ბიულეტენები დააყარა.
როგორც გიგაურმა განაცხადა, ცესკო და საოლქო კომისიები ძირითადად სწრაფი რეაგირებით გამოირჩეოდნენ და მაქსიმალურად ეხმარებოდნენ სადამკვირვებლო მისიებს ფუნქციების განხორციელებაში.

















