კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველა უბნიდან მიღებული ოქმების 93%-ის შედეგებზე დაყრდნობით, კოალიცია არჩევნებში პროპორციული
სისტემით ხმების 63 %-ით ლიდერობს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ის „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული აქვს.
საგანელიძის განცხადებით, ასევე, არსებობს სადავო 2-3%, რომელთა შესახებაც პრეტენზიებიაა გამოთქმული. აღნიშნული მაჩვენებლის კოალიციის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით 65% ექნება.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, საგანელიძის განცხადებით, მიღებული დოკუმენტების თანახმად, „ქართული ოცნება“ 42 ოლქში გამარჯვებულია. გარდა ამისა, არსებობს 5 ოლქი, რომელზეც დავა მიმდინარეობს. ეს ოლქებია დედოფლისწყარო, ყვარელი, ხაშური, წყალტუბო და ქედა. ნაწილობრივ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თეთრიწყაროს ოლქის შედეგები.
საგანელიძე ასევე აცხადებს, რომ თბილისის 10-ვე საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
„იმ შემთხვევაში, თუ დავები ოპტიმისტურად გადაწყდა, „ქართულ ოცნებას“ 47 მაჟორიტარი და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში 97 ადგილი ექნება, ხოლო პესიმისტური შედეგების შემთხვევაში, ჩვენ 90 საპარლამენტო მანდატს მივიღებთ“ - განაცხადა საგანელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ცესკო ჯერჯერობით ნელა მუშაობს და ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემები იმ უბნებს ეყრდნობა, რომელიც კოალიციისთვის პრობლემური იყო.
„ცესკო-მ გადაწყვიტა, საზოგადოება შეაჩვიოს იმ აზრს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართული ოცნების“ მონაცემებს შორის დიდი განსხვავება არაა. მათ რომ დათვლა დიდი ქალაქებიდან დაეწყოთ, სულ სხვა სურათი იქნებოდა“-განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ ცესკო-მ მონაცემები დროულად უნდა გამოაქვეყნოს.

















