არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს მედიაცენტრში აღნიშნული ორგანიზაციის ხმების პარალელური
დათვლის შედეგები წარადგინა.
„სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით 54.6%-ით პირველ ადგილზეა; მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 40.7%-ით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 2%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1.2%, „ახალი მემარჯვენეები“- 0.4%-ით, სხვა პარტიებმა კი - ხმების 1% მოაგროვეს.
როგორც „სამართლიანი არჩევნების“ აღამასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, უბნების დახურვისა და ხმების დათვლის პროცედურების დროს დარვევები დაფიქსირდა უბნების 4%-ზე. მისი თქმით, არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ უბნების 1%-ის შემთხვევაში.
საარჩევნო უბნების 98%-ის შემთხვევაში, საარჩევნო მასალა საოლქო კომისიებში გადასაგზავნად დაილუქა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
ლომჯარიას თქმით, ამ დროისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 66 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 58 საჩივარი.
ამასთან, არჩევნების დღეს აქტიურად ფუნქციონირებდა არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო პორტალი, სადაც თავს იყრიდა არჩევნების დღეს მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ინციდეტების შესახებ ინფორმაცია.
ლომჯარიას თქმით, 2 ოქტომბრის 11.00 საათის მონაცემებით, არჩევნების პორტალზე ატვირთულია 316 ინციდენტი.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპარლამენტო არჩევნების დღის და შედეგების შეჯამების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებდა.
"სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია 1 271 დამკვირვებლისგან შედგება.

















