კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ პრემიერ-მინისტრად დამტკიცდება.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა, ის საარჩევნო სიაში არ შევიდა და მოქმედი კონსტიტუციით არ ისარგებლა.
„დღესაც არ ვისარგებლე და ერთი ხმა დავკარგეთ. არ ჩამთვალეს საქართველოს მოქალაქედ და მე, როგორც ევროპელმა, ეს არ ვიკადრე. არ ვიკადრე ასეთი კონსტიტუციის გამოყენება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ გამარჯვება გაფორმდება, ქართული სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება და უფრო სამართლიანი გახდება, მოხერხდება და დამტკიცდება, რომ მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს.
„სასამართლოში ორი სარჩელი გვაქვს შეტანილი და ორივეს განხილვა გაჩერებულია. ორიდან ერთ-ერთი ამუშავდება, საქართველოს მოქალაქეობა დამიმტკიცდება და პარლამენტში დავმტკიცდები, როგორც პრემიერ-მინისტრი“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

















