კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ არა მარტო პროპორციული სიით ლიდერობს,
არამედ მაჟორიტარული სისტემითაც ძალიან დიდი უპირატესობა აქვს.
ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
„განსხვავებით ზოგიერთებისგან, ძალიან კარგად ვიცოდი ვინ ვიყავით, გვარის დასახელება აღარ მინდა, ხალხს ხასიათი არ გავუფუჭო. ძალიან კარგად ვიცოდი რა იყო საქართველო. დარწმუნებული ვიყავი და ეს გამარჯვება გაფორმდა, თუმცა, ცოტა კიდევ უნდა მოვიცადოთ, რომ ყველაფერი ფორმალობით დამტკიცდეს, ეს ცესკო-მაც უნდა დაამტკიცოს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე კანდიდატს აგებს, სხვა რეგიონებში კი - „ყველგან დიდი უპირატესობით, პირწმინდად იგებს“.
„პრეზიდენტმა სპეკულირება დაიწყო. სპეკულირება დაიწყეს ცესკო-დანაც. რა თქმა უნდა, ეს ეგზიტპოლების წინასწარი მონაცემებია, მაგრამ სინამდვილესთან ძალიან ახლოსაა. არამარტო პროპორციული სიით ვიგებთ, არამედ უმეტეს რეგიონს მაჟორიტარებთან დაკავშირებითაც ვიგებთ“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

















