საარჩევნო ბლოკ „ბიძინა-ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელებს გამარჯვება მიულოცა.
„ყველას გილოცავთ გამარჯვებას. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. პირველ რიგში ეს გამარჯვება თქვენი დამსახურებაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ყველა თქვენთაგანს გაძლევთ გარანტიას, რომ რასაც დაგპირდით უკლებლივ ყველაფერი შესრულდება“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მისი დაკვეთით კომპანია „ედისონ რესერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები გამოაცხადა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 50%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 41%, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ კი - 5% მიიღო.
ამავე მონაცემებით, სხვა ყველა პარტიის შედეგები ერთად 4 %-ს შეადგენს.

















