საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობამ 20.00 საათის მონაცემებით, უბნების 98%-ის მაჩვენებლით, 61% შეადგინა.
როგორც ცესკოოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, უბნებზე დასრულებულია ხმის მიცემის პროცესი.
სპიკერმა მადლობა გადაუხადა როგორც ამომრჩეველს, ასევე, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, რომელიც თავისი სამოქალაქო აქტიურობით ხელს უწყობდა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას.
„საარჩევნო პროცესი წარიმართა განსაკუთრებული ექსცესების გარეშე, სრული გამჭვირვალობის პირობებში. კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა ათეულობით ათასი დამკვირვებლისა და მედია წარმომადგენლის თვალწინ” - განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები ჩატარდება, დაახლოებით საათნახევარში საარჩევნო ყუთები გაიხსნება და ხმის დათვლა დაიწყება.
სპიკერის თქმით, არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები დაახლოებით 03.00 საათისთვის გამოქვეყნდება.
რაც შეეხება ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, ცესკო მათ საერთო მონაცემებთან ერთად გამოაქვეყნებს.

















