მოქალაქე მელიტონ ჭეიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან ყვირილი დაიწყო და კოალიციის წევრებს გია ცაგარეიშვილსა და გოგი თოფაძეს მკვლელები უწოდა.
მან ოფისის შენობასთან მყოფ გია ხუხაშვილს მიმართა და სამარცხვინო უწოდა იმ ფაქტს, რომ ცაგარეიშვილი და თოფაძე „ქართულ ოცნებაში“ არიან.
მელიტონ ჭეიშვილის თქმით, ის ფსიქოლოგიის პროფესორია და წარსულში გოგი თოფაძესთან თვეში 50 ლარად მუშაობდა.
„როცა 15 თვე გავიდა 750 ლარი მეკუთვნოდა. მივედი, არამხოლოდ უარი მითხრა, არამედ მაგინა. დღეს ის ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას“ - ყვება მელიტონ ჭეიშვილი.
მისივე თქმით, იგი თოფაძის კუთვნილ, სანაპიროზე მდებარე ბარში მუშაობდა, ხოლო გია ცაგარეიშვილი იმ პერიოდში თოფაძის ფინანსისტი იყო.
„იმ პერიოდში ჩემი შვილიშვილი იყო მძიმე ავადმყოფი, ამათ 750 ლარი არ მომცეს და იგი შიმშილით აღესრულა“ - განუცხადა ჟურნალისტებს ჭეიშვილმა და ტერიტორია დატოვა.

















