„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მოსახლეობას არჩევნების პროცესის დასრულებამდე სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მან „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და მოსახლეობას საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
საგანელიძე თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, საარჩევნო პროცესის დასრულებამდე გამოვიდეს და საკუთარი საარჩევნო უბნების გარშემო განთავსდეს.
მისი განმარტებით, მოსახლეობამ საარჩევნო უბნებს ცოცხალი ბარიერი უნდა შემოავლოს, რათა არავის მისცეს საარჩევნო ყუთის გატაცების ან მსგავსი სხვა დარღვევის განხორციელების საშუალება.
ამასთან, საგანელიძე საზოგადოებას მაღალი აქტივობისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, საზოგადოებამ მოქალაქეობრივი მზადყოფნა გამოავლინა ქვეყანაში აღმასვლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ეგზიტპოლების გამოცხადებასთან დაკავშირებით დაგეგმილ შეკრებებზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ სხვადასხვა უბნებში მონიტორების დამონტაჟება და შეკრება თავად მოსახლეობის სურვილის გათავლისწინებით გადაწყდა.
„ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ამ შეკრებით სიტუაცია არ დაიძაბება და ჩვენი მხარდამჭერების შეკრება მშვიდობიანი იქნება. ამასთან, მოვუწოდებ ყველას, დავიცვათ სიმშვიდე და სიწყნარე, რათა საუბნო კომისიის წევრებს შეფერხების გარეშე მუშაობის საშუალება მივცეთ“ - განაცხადა საგანელიძემ.
მანვე, სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებსაც მოუწოდა თავშეკავებისკენ.

















