საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე 17.00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 53% შეადგინა, რაც ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის შეფასებით, საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია.
”სასიამოვნოა, რომ ამომრჩეველი აქტიურობს და მიდის საარჩევნო უბნებზე. ხმის მიცემის დასრულებამდე დარჩენილია დაახლოებით 2 საათი და მოვუწოდებთ ამომრჩეველს გამოიყენოს ეს დრო და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში” - განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მას ათეულობით ათასი დამკვირვებელი აკვირდება.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, ცესკო აზუსტებს ახალციხის 25-ე უბანზე სტუდია GNS-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უბანზე კომისიის თავმჯდომარემ სტუდია GNS-ის ჯგუფს კამერა დაუმტვრია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს.
მოქალაქეების აქტივობის საბოლოო მონაცემებს ცესკო 21.00 საათზე გამოაცხადებს.

















