„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, სოფელ ცოდნისკარში #8 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლუკა კურტანიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერი სცემა.
ჩიორა თაქთაქიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კურტანიძე უბნის ტერიტორიაზე 7 ავტომანქანისა და აქტივისტების თანხლებით მივიდა.
როგორც თაქთაქიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი სხვა ფაქტებიც დაფიქსირდა. კერძოდ, ფოთში #7 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსს გრიგოლ ღვანიას „ქართული ოცნების“ 30-მდე აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამასთან, ჩიორა თაქთაქიშვილმა ბრიფინგზე დარღვევებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელთარსებული ინფორმაცია წარუდგინა.
კერძოდ, მისი თქმით, ისნის საარჩევნო ოლქის #45 უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქვეკოორდინატორებისგან ჩანთებს ითხოვენ და შიგნით #45 უბნის უცნობ სიებს ეძებენ, რითაც კოორდინატორების მუშაობას ხელს უშლიან.
თაქთაქიშვილის განცხადებით, ბოლნისში #45 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიის 155-ე ნომერი რამიზ ბაქიროვი აგიტაციას ეწეოდა.
მისი თქმით, ბაქიროვს დამკვირვებლის ბეიჯი ჰქონდა და ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში შეყვა.
ასევე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიას #79 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსმა ფიფიამ სილა გააწნა და შეაფურთხა კომისიის თავმჯდომარე მურმან შეროზიას.
მისივე თქმით, ამავე უბანზე კოალიციის აქტივისტები ამომრჩეველს აღრიცხავდნენ და სააგატიცაიო მასალას იყენებს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ მომხრეების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. „ქართული ოცნების“ აქტივისტები სხვადასხვა უბანზე აგიტაციას ეწევიან“ -განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად თავზარდაცემია ის ფაქტი, რომ კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და სიის წარმომადგენლები პირადად უსწორდებიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს.

















