სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის #8 დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის შესახებ
გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
განცხადების თანახმად, ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების იმ ნაწილის უმრავლესობამ, რომელთაც სათანადო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა, საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდა განცხადება და სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიების მიერ გადაიცემოდა, რისი მიზანიც ამომრჩეველი პატიმრებისთვის ოჯახის წევრების მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიწოდება იყო. სწორედ აღნიშნული ღონისძიების შემდეგ პატიმართა ნაწილმა საკუთარი აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზება შეძლო.
„ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაცია, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში არეულობის, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და გლდანის #8 დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა და დაწესებულებები ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით საქმიანობენ“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელება სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მობილიზებას განაპირობებს და ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა შესაძლოა, დაძაბულობის შესაქმნელად გამოიყენოს.
მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტი პატიმარების, მათი ახლობელებისა და სამინისტროს ინტერესში არ შედის.
სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველას მოუწოდებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რომელმაც შესაძლოა, პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფუძლო მღელვარება გამოიწვიოს.
გლდანის #8 დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

















